Main » 2012 » May » 19 » ხვალ მიდიხარ და მტოვებ)!
7:20 PM
ხვალ მიდიხარ და მტოვებ)!


ხვალ მიდიხარ და მტოვებ. არ ვიცი ამ ნაწერს რა დავარქვა: დამშვიდობება, სახსოვარი თუ უკანასკნელი გაბრძოლება. ხვალ შენ მიდიხარ. მართალია დიდი ხნით არა, სულ რამდენიმე თვით, მიზეზიც გაქვს, მაგრამ ისიც მართალია, რომ მტოვებ. არ მინდა რომ წახვიდე, ძალიან არ მინდა..უფრო სწორად, უშენოდ ყოფნა არ მინდა, თორემ მშვენივრად მესმის, რომ შენ ახლა სწორედ წასვლა გჭირდება, მე კი მსხვერპლი უნდა გავიღო.
სულ ვფიქრობ, ასე რატომ მოგეჩვიე, ასე რატომ მიყვარხარ..ან რა მიყვარს; ჩემს მიერ შექმნილი იდეალური ქალის სურათხატი, თუ შენი რეალური მე. მგონი მეორეა, რადგან ცრუ სურათხატი გარკვეული დროის შემდეგ ყოველთვის ქრება. მე-ს კი ცნობიერებიდან ვერ ამოშლი. კარგად გაგიცანი, ამიტომ მგონია, რომ მართლა მიყვარხარ. ახლა წარმოიდგინე, რა მძიმეა შენი წასვლა. ერთი მთლიანი ვართ და ვიხლიჩები..…მაგრამ გავუძლებ. შენი გულისათვის გავუძლებ, რადგან ეს შენ გჭირდება. ვიქნები ძლიერი, რადგან ძლიერი გჭირდები. ვიქნები ერთგული, რადგან ერთგული გჭირდები. არასოდეს მიგატოვებ.
არც კი იცი, რამ გადამაწყვეტინა ამ წერილის მოწერა…იცი, როდესაც წუხელ ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, უცებ ჩამეძინა და უცნაური სიზმარი ვნახე. ასეთი რამ არასოდეს დამსიზმრებია და ასე გაოგნებულსაც არასოდეს გამიღვიძია. შუადღისით გნახე და მივხვდი, ვერ მოგიყვებოდი. ეს უნდა დამეწერა. წერის დროს ხომ თან ფიქრობ, ხოლო შენ რომ გიყურებ, ფიქრის არც ძალა მაქვს, არც სურვილი. დარწმუნებული ვიყავი, აზრს და სიტყვას თავს ვერ მოვაბამდი, ამიტომაც გადავწყვიტე გავჩუმებულიყავი და შენთვის მესმინა. მე ხომ ასე მიყვარს, როდესაც შენ საუბრობ, ან მღერი…
მაშ ასე. დავიწყებ…
მესიზმრა, თითქოს წყვდიადში ვიჯექი მარტო.. ირგვლივ უდაბნო იყო. დახეთქილი მიწა, აქა-იქ ამოჩრილი ბუჩქები და სიცარიელე. ვიჯექი უსაქმოდ, უმიზნოდ და ვფიქრობდი, რა მეკეთებინა. ვცდილობდი რამე მომეფიქრებინა, რათა დრო მომეკლა. აღარაფრის იმედი არ მქონდა და მეჩვენებოდა, ეს ტანჯვა საუკუნედ უნდა გაგრძელებულიყო. უდაბნოს თავი რომ დააღწიო, ამისათვის ხომ ძალა, ნება და მიზანი უნდა გაგაჩნდეს. მე კი არ გამაჩნდა… წყალს ვსვამდი და მწყუროდა, საკვებს ვიღებდი და მშიოდა. ირგვლივ უამრავი ერთნაერად უსახო ადამიანი დადიოდა და ვერცერთ მათგანში თანაგრძნობის ნაპერწკალს ვერ ვხედავდი. ტანჯვა კი არ სრულდებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდი.
ნაომარი, გაწამებული სახე გქონდა. ხელი გამომიწოდე და ხელისგულზე ცეცხლი შევნიშნე, ხელი კი არ გეწვოდა. ცეცხლი ჩემკენ გამოიშვირე და მივხვდი, მე მაძლევდი. იცოდი, რომ ბედისწერა არავის პატიობს ცეცხლის მიტანას და მაინც მომიტანე. მომიტანე და უდაბნო გამინათე.
დრო გაჩერდა..შეკითხვებზე პასუხი გაჩნდა. ძალა მომეცა და ის-ის იყო წამოდგომა დავაპირე, მოწყვეტით დაეცი ჩემზე.
გულთან მიგიკარი. შვიდი დღე და ღამე გევედრებოდი არ მიმატოვო-მეთქი. შვიდი დღე და ღამე გეფერებოდი, გიმღეროდი, ლექსს გიკითხავდი…შვიდი დღე და ღამე გეუბნებოდი, მიყვარხარ-მეთქი და თავადვე მიკვირდა, საიდან გამიჩნდა ამდენი ძალა და ყოვლისმომცველი გრძნობა. შვიდი დღე და ღამე ჩამსისინებდნენ უსახო ადამიანები, ამაოა შენი ვედრებაო, მაგრამ არ გავტყდი. შვიდი დღის შემდეგ თვალი გაახილე.
თვალებში ჩაგხედე… ისეთი გამომეტყველება გქონდა, ვიფიქრე, თუკი ამქვეყნად რაიმე საშინელება არსებობს, ყველაფერი თავს გადახდა-მეთქი. ნაწამები სახიდან ოფლი გდიოდა… უხმოდ აგიყვანე და გზას გავუდექი.
გზა მძიმე იყო, მაგრამ მწამდა. თუკი წამოდგომა შევძელი, ვეღარაფერი შემაჩერებდა.
არ მახსოვს რამდენი ვიარე. ვინ მოთვლის რამდენჯერ დავაპირე დანებება, რამდენჯერ ვიფიქრე, რომ გზას ავცდი. უსახო ადამიანები სულ დამყვებოდნენ და მეუბნებოდნენ, ბედისწერა ამ გზით სიარულს არ გაპატიებსო. ვინ მოთვლის რამდენჯერ დავაპირე დანებება, მაგრამ როგორც კი მუხლში ძალა მელეოდა, თითქოს გრძნობდი და სუსტი ხმით სიმღერას იწყებდი. ბაგეები ჩემს ყურთან გქონდა და ხმა კარგად მესმოდა. შენი სიმღერა ძალას მაძლევდა და გზას ვაგრძელებდი. შენ ხომ გწამდა ჩემი, მთავარი კი ეს იყო…
ასე ქანცგაწყვეტილმა და იმედით აღსავსემ მივაღწიე სიცოცხლის მდინარეს. რამდენიმე წამით ჩამოვჯექი და შევისვენე. შემდეგ გავშიშვლდით, გონება ნაპირზე დავტოვეთ და ჩვენი განაწამები სული გრძნობას და მდინარეს ვანდეთ. მდინარემ თითქოს ჩამოგვრეცხა წარსული და ახალ ადამიანებად გვაქცია. ნაპირზე გამოსულებმა ხარბად შევისუნთქეთ ახალი სიცოცხლის სურნელი და პირველად მივხვდით რა იყო ბედნიერება.
შემდეგ ჩემი ხელი აიღე, მუცელზე დაიდე, გამიღიმე და მითხარი. -გრძნობ? უკვე ფეთქავს…
და უცებ ორივე ქარად ვიქეცით. ცხრა თვე ვიფრინეთ სამყაროს თავზე და ცხრა თვე ვეკუთვნოდით ზეცას და ვარსკვლავებს.. ერთმანეთს წინ არ მივუძღვოდით, რადგან გზაც ერთი გვქონდა, მიმართულებაც და მიზანიც - უდაბნო უნდა გაგვეცოხლებინა. ამასობაში დრომ მოატანა და ზუსტად იმ ადგილზე დავეშვით, სადაც მარადიულ უსიხარულობაში ჩამარხული, წყვდიადში ვიჯექი, შენ კი ცეცხლი მომიტანე. ადგილი ისეთივე იყო, სამაგიეროდ ჩვენ შევიცვალეთ. ცეცხლი ისევ გიზგიზებდა. შენ მიხვედი, ცეცხლი აიღე, გულთან მიიტანე და გულთანვე მომიტანე მეც…ცეცხლი შეერთდა, აალდა, აგიზგიზდა და უდაბნო გაანათა. ორივენი დავიხარეთ, ხრიოკი მიწიდან ქვები ავკრიფეთ და მათი თავსუკან სროლა დავიწყეთ. ქვები მიწას ენარცხებოდნენ და ადამიანად იქცეოდნენ. ჩემი ნასროლი ქვა ვაჟებს აჩენდა, შენი კი გოგონებს. ახალდაბადეული, თითონაც იღებდნენ ქვებს და მათ თავსუკან სროლას იწყებდნენ…ამის დანახვაზე უსახოები გველებად იქცნენ, ხოლო ახალმა ადამიანებმა, მათი სრესა დაიწყეს. ჩვენ კი ქვის სროლას ვაგრძელებდით და ერთმანეთს ვუღიმოდით. ეს იყო წამი, როდესაც ღმერთები ვიყვით. წამი როდესაც მომავალს ვქმნიდით და შევქმენით კიდეც.
მე კი ამ ნეტარებამ გადამავიწყა, რომ ბედისწერა არავის პატიობს ცეცხლის მიტანას და სიცოცხლის მდინარისაკენ სწრაფვას. არც ჩვენ გვაპატია, ერთ-ერთი გველად ქცეული უსახო მოგეპარა და ფეხზე გიკბინა. შემოგხედე და მივხვდი, ხელიდან მეცლებოდი. ვუყურებდი, როგორ ქრებოდა შენი გულიდან ცეცხლი და გეფიცები ყველაფერს, თუ რამ საფიცარი მაქვს, არასოდეს ყოფილხარ ასეთი ლამაზი…ღირსებით და სიამაყით აღსავსემ, ჩემს ხელში დალიე სული ისე, რომ სახიდან ღიმილი არ მოგშორებია. მე კი ვიდექი..უსუსური ბედისწერის წინაშე და სიმწრის ცრემლი მდიოდა. უძლური ვიყავი…
ამ დროს გამომეღვიძა.
ჩემო სიხარულო და სინათლევ.. ოდესღაც მე ცეცხლი ჩამიქრა, შენ კი თავი გაწირე და მომიტანე. ფეხზე წამომაყენე და საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნე, ამიტომ მენდე, გარდაცვალება არ გიწერია. ახლა ჩემი ჯერია ცეცხლი მოგართვა და მოგართმევ კიდეც. ყველა გველს გავსრეს და ბედისწერა ვერ დაგვამარცხებს. დღეს ეს გველი შენი წასვლაა და აღარ მაშინებს, რადგან ვიცი, ვერაფერი მოგვერევა. წადი, ღირსეულად გააკეთე ის, რისთვისაც მიდიხარ, მე კი ვიზრუნებ, სიზმარი ცხადად ვაქციო და ისეთი დასასრული ქონდეს, როგორიც ორ, ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს ეკადრება. დღეს მე ვარ ცეცხლი, მე ვარ ნაყოფი, მე ვარ მდინარე და მე ვარ ადამიანი, რომელიც ცეცხლს შენში არასოდეს ჩააქრობს. წადი, დამიტოვე მონატრება და მომეცი უფლება ვიბრძოლო მომავლისათვის. მე შენ მიყვარხარ. მე დაგელოდები…
Category: ♥ ჩანახატები ♥ | Views: 1296 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: